ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფიზიკურად არ შეუძლია Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის

ძალიან უცნაურია, რომ ილონ მასკს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში Starlink-ის ოპერაციების შეზღუდვების შესახებ. 2026 წლის ზამთრიდან უკრაინის ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით) Starlink-ის ყველა ტერმინალის სიჩქარე 70-90 კმ/სთ-მდეა შეზღუდული და რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ი არ მოქმედებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვი ბიზნესმენ ილონ მასკის ბრალდებებს უკრაინელების მიერ Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ კომერციული Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის.
ცნობისთვის, ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დრონებით დარტყმების განსახორციელებლად Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია. SpaceX-ის დამფუძნებლის მტკიცებით, Starlink-ის სამოქალაქო სისტემის ადამიანების დასახოცად დრონებით თავდასხმებისთვის გამოყენება არასოდეს ყოფილა დაშვებული. მისი მტკიცებით, უკრაინა Starlink-ს ამგვარი დარტყმებისთვის იყენებდა.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ Starshield-ი ცალკე სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და რომლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლება იღებს.

























