ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, 27 კანდიდატს შორის ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი, 61 წლის ილიანა იოტოვა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, 50 წლის ანდრეი გიუროვი.

Reuters-ი წერს, რომ მართალია, პრეზიდენტის თანამდებობა დიდწილად ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ კვირას გამართულმა კენჭისყრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულმა თავდასხმების სერიამ, სავარაუდოდ, ოცზე მეტი უცხოელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა.

პრეზიდენტობის ორივე მთავარმა კანდიდატმა თავდასხმები დაგმო, თუმცა ისინი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ.

გიუროვს, რომელიც მიმდინარე წელს დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პროდასავლური და რეფორმისტული პარტიები უჭერენ მხარს. მას უკრაინის მხარდაჭერა დიდი ხანია ღიად აქვს გამოხატული და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

იოტოვა, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო, იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუმენ რადევმა თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით დატოვა. რადევი მხარს უჭერს იოტოვას; ორივე მათგანი ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა.

გამარჯვების შემთხვევაში, იოტოვა ბულგარეთის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდება.

Alpha Research-ის გამოკითხვების თანახმად, იოტოვას ხმების 41%, ხოლო გიუროვს - 28% აქვს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, 1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.