შალვა პაპუაშვილი - სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო

შალვა პაპუაშვილი - სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო

სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის. ეს წელთაღრიცხვა სწორედ აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. ამიტომ კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს.

„განსაკუთრებული დღე არის. განსაკუთრებული არის იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული დღეს სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა. მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრები და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი. სიმბოლური არის, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის – 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან, რომელიც აქ შესრულდა. ამიტომ ამ მნიშვნელოვან წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე. მინდა, განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს, თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ კუთვნილება, თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ამიტომ მინდა, ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელი დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, ღვთის სიყვარული, ღმერთმა დალოცოს დღეს ახალმონათლულები, ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.