ნიკა გვარამია - ახლა არ არის დრო ვთქვათ, რომ ვუძლებთ, ახლა არის დრო, ვთქვათ, რომ ვძლიერდებით - ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი

ნიკა გვარამია - ახლა არ არის დრო ვთქვათ, რომ ვუძლებთ, ახლა არის დრო, ვთქვათ, რომ ვძლიერდებით - ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, თსუ-ს პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი“.

„პროტესტი ცხადია, დღეს არ იწყება, იგი დაიწყო 2 წლის წინ, 26-ში. მთავარი არსი ის არის, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი. ამ ტალღას, ბევრი ადამიანის აზრით და ჩემი აზრითაც, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კი, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ნამდვილად იმსახურებს უკეთესს ქართველი ხალხი, ნამდვილად ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი არ გვექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ამიტომ, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა. როცა ცეცხლი დიდია, ის ქარით ძლიერდება, ბევრნი უნდა ვიყოთ აუცილებლად.

ჩვენ ყოველთვის დასაწყისისთვის გვჭირდება ერთმანეთის დანახვა და დაჯერება, რომ მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, იმ დაღლილობისა, ჩვენ არათუ ვუძლებთ, არამედ ვძლიერდებით. ახლა არ არის დრო, რომ ვთქვათ ვუძლებთ, ახლა არის დრო, ვთქვათ, რომ ვძლიერდებით. ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი“, - განაცხადა გვარამიამ.