შალვა კერესელიძის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს. შესაბამისი შინაარსის განცხადება ჟურნალისტებთან პარტიის დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ გააკეთა.
კერესელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს, საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“ - განაცხადა კერესელიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ, დატოვებთ მანდატებს?“ კერესელიძემ უპასუხა: „დიახ, ბუნებრივია“.

























