ნინო დოლიძე - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმის დამყარების გამალებული მცდელობა, არის რეპრესიები, ხალხს შეუძლია გადამწყვეტი სიტყვის თქმა - ბიძინა ივანიშვილს ხალხის ეშინია

თუკი ვინმე პოლარიზაციას, სიძულვილის ენას აღრმავებს, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“ – პარტიების აკრძალვით ქვეყანაში დემოკრატია სრულად დასამარდება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ნინო დოლიძის შეფასებით, თუ აიკრძალება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დამყარდება ერთპარტიული მმართველობა, საქართველოს ამომრჩეველს აღარ ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს, შესაბამისად, ეს ძალიან მძიმე იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის,
„როგორც არ უნდა ჩატარებულიყო 2024 წლის არჩევნები, პარტიებს, რომლებიც ასაკრძალთა სიაში არიან, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისცა ხმა. 2024 წლის არჩევნებში ასაკრძალთა სიაში შესულმა პარტიებმა ჯამში 800 000-ზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღეს, ამიტომ წარმოუდგენელია ერთი პარტია აუქმებდეს ამდენი ადამიანის არჩევანს მიუხედავად იმისა, ეს პარტიები არიან პარლამენტში, თუ არ არიან.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ჩემი აზრით, წინასწარ გადაწყვეტილია ის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რადგანაც ვიცით, რომ სამწუხაროდ, მართლმსაჯულება ჩვენ ქვეყანაში მიტაცებულია და ამას, ასევე ამტკიცებს მანანა კობახიძის გადაწყვეტილება. მანანა კობახიძის გადაწყვეტილების მიხედვით, მას არ უნდოდა მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. მე შემიძლია დადასტურებულად გითხრათ,რომ „ქართულ ოცნებას“ რაც სურს, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტარების გამოხმაურებაზე, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება „ერთპარტიული სისტემისკენ უკან გადადგმული ნაბიჯი რუსეთისა და ბელარუსი მსგავსად და ეს კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან“, ნინო დოლიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია სხვაგვარი ვერც იქნება, რადგანაც დემოკრატიული სახელმწიფო ვერც იქნება პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე.
„[რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პარტიების აკრძალვა პოლარიზაციას შეამცირებს], მე უფრო ვხედავ იმას, რომ პოლარიზაცია არის „ქართულ ოცნებასა“ და ქართველ ხალხს შორის. ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. ქართველ ხალხს აქვს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომელიც მუდმივად იკვეთებოდა კვლევებში, ქართველ ხალხს სულ სხვა ინტერესი და საჭიროებები აქვს და სულ სხვას ახვევს თავს „ქართული ოცნება“... თუმცა გეტყვით, რომ მე არ შემხვედრია ადამიანი, სულ ერთია, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, რომ ეს მოსწონდეს. ქართველ ხალხს არ მოსწონს ოპონენტების აკრძალვა იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს 70- წლიანი ერთპარტიული დიქტატურა და რა თქმა უნდა, ამაში ცხოვრება არ გვინდა. ამიტომ, პოლარიზაციას რომ დავუბრუნდეთ, ეს არის ხიდჩატეხილობა „ქართულ ოცნებასა“ და მოსახლეობას შორის და ეს არის შესაცვლელი. თუკი ვინმე პოლარიზაციას, სიძულვილის ენას აღრმავებს ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. ამიტომ, ვერანაირ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, ხალხის უფრო გაბრაზდება.
დღეს, ქვეყანაში არის სამართლებრივ-პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისს მოაგვარებს ის, რომ საქართველო უნდა შეტრიალდეს დემოკრატიისკენ, თუ რაიმე რეპრესიული კანონი იქნა მიღებული, გასაუქმებელია, საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებას და საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უნდა აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც უნდა. მე მხოლოდ ასე წარმომიდგენია იმ პოლარიზაციის დაძლევა, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს თავისი ნება, ოღონდ, პოლიტიკური პარტიები უნდა ფოკუსირდნენ ადამიანების პრობლემებზე”- განაცხადა ნინო დოლიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხალხის ეშინია.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმის დამყარების გამალებული მცდელობა, არის რეპრესიები, რა თქმა უნდა, ხალხს შეუძლია გადამწყვეტი სიტყვის თქმა. სწორედ ხალხის ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვაც, ხომ ამას ნიშნავს? ისინი ხალხს წარმოადგენენ.
თუკი აიკრძალება პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია სრულად დასამარდება ჩვენ ქვეყანაში. ეს იქნება უმძიმესი როგორც პარტიებისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის და სრულიად ქვეყნისთვის. გარდა დემოკრატიისა, სუვერენიტეტის ნაწილშიც ძალიან დიდი პრობლემაა - არც ისე არგუმენტირებული სარჩელია, მაგრამ პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს სუვერენიტეტთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული განცხადებები. რაც იქ წერია, იგივე 2008 წლის ომთან დაკავშირებული და ა.შ. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, თუ გძულდეს ეს „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოსთვის ასეთი საფრთხის შექმნა, როგორ უნდა გინდოდეს? ამიტომ ჩემთვის გაუმართლებელია ის, რაც „ქართული ოცნების მხრიდან“ სარჩელში წერია“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

























