პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში გიორგი პატარიძის პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.
შეგახსნებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”
“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, - განაცხადეს უწყებაში.

























