რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების აქციაზე - აბსოლუტურად ლეგიტიმურია თქვენი სიბრაზე და წუხილი - ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება

რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების აქციაზე - აბსოლუტურად ლეგიტიმურია თქვენი სიბრაზე და წუხილი - ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება

მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება. თუ არ დაიწყება, მე იქ აღარ ვიქნები, სადაც ვარ, - ასე მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებმაც დადიანის ქუჩაზე სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

სოხაძე აქციის მონაწილეებთან ადგილზე მივიდა და აღნიშნულ პრობლემაზე პირადად გაესაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მას აბსოლუტურად ესმის აქციაზე მყოფი მოქალაქეების ბრაზის, რადგან ამდენი წელი აღნიშნული პრობლემის წინაშე ყოფნა ნორმალური არ არის.

„ჩვენ კარგად ვიცით ის პრობლემა, რაც არის კონკრეტულად ამ სკოლასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ლეგიტიმური არის თქვენი გულის წყრომა, სიბრაზე და ის წუხილი, რაც გაქვთ. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას იმიტომ, რომ არ არის ნორმალური, როდესაც წლების განმავლობაში ეს პრობლემა დგას და წლებია, ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ამ სიტუაციაში ყოფნა.

იცით, რომ ამ სკოლის მშენებლობის პროცესში იყო გარკვეული შეფერხებები. ეს პრობლემები გადაილახა, კონტრაქტორმა უკვე შეიტანა განახლებულ ნებართვაზე [განცხადება]. როგორც ვიცი, მუნიციპალური განვითარების ფონდში მშობლების ნაწილს ჰქონდა უკვე შეხვედრა და კიდევ შეგვიძლია ეს შეხვედრა გავმართოთ.

უახლოეს დღეებში კონტრაქტორი განაახლებს მშენებლობას. ჩვენი ამოცანა და დავალებაა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს. მომავალი წლის სექტემბერში სწავლა დაიწყება ახალ სკოლაში. თუ არ დაიწყება, მე იქ აღარ ვიქნები, სადაც ვარ”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებასა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნებას ითხოვენ.