გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის თანაავტორობით ახალი საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტი - „3S - Seen, Safe, Supported“ - გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის თანაავტორობით ახალი საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტი - „3S - Seen, Safe, Supported“ - გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა გოგინავას, თანაავტორობით ახალი საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტი - „3S - Seen, Safe, Supported“ - გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა გოგინავა ამ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის ავტორიცაა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, „3S - Seen, Safe, Supported“ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ფსიქოსოციალურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სექტორებში მიგრანტ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის.

„დოკუმენტი შემუშავდა ევროპული ინიციატივის, TraFaDy (Transnational Family Dynamics in Europe) COST Action-ის ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ლიდერების — ალექსანდარ ბოჟიჩისა და ანნე კაროლინა რამოსის, ასევე, პროექტში ჩართული 12 სხვადასხვა მკვლევრისა და თანაავტორის ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგად.

დოკუმენტი განთავსებულია საერთაშორისო საცავში (Zenodo), რომელსაც უშუალოდ CERN-ი მართავს. ნაშრომს აქვს ღია წვდომა, რაც მას ოფიციალურსა და მსოფლიო მასშტაბით მარტივად ციტირებადს ხდის. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პროფესიონალსა თუ მკვლევარს უკვე შეუძლია სრულიად უფასოდ მოიძიოს, გადმოწეროს და პრაქტიკაში გამოიყენოს აღნიშნული რესურსი.

მსგავსი საერთაშორისო დონის პუბლიკაციების შექმნა და ევროპულ სამეცნიერო ქსელებში (COST Action) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაღალ კვლევით პოტენციალსა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ საქმიანობას. ეს ფაქტი არა მხოლოდ ამაღლებს აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის ცნობადობასა და პრესტიჟს, არამედ ადასტურებს მის მნიშვნელოვან წვლილს ისეთი აქტუალური სოციალური გამოწვევების დაძლევაში, როგორებიცაა მიგრანტი ბავშვების მხარდაჭერა და კეთილდღეობა.“- წერია ინფორმაციაში.