5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა.

სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს, მანამდე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა წარმოთქვეს სიტყვები.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.