ანა წითლიძე - როდესაც „ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს, უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას - ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა

როდესაც „ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს, უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას - ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ “ქართულ ოცნებაში” ჰუმანური და ადამიანური არაფერი არ არის”.
“როდესაც “ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას. საერთოდ რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში, რა დააშავა? იმის გამო, რომ ბანერზე მარკერით რაღაც დააწერა? ანუ “ქართული ოცნებისთვის” ბანერი და მარკერი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასე გამოდის, რადგან ელენე ხოშტარიას სხვა არაფერი დაუშავებია. კრიმინალი ელენე ხოშტარია არ არის. ეს არის რეალურად ის სადამდე შეუძლია “ქართულ ოცნებას” მივიდეს, რომ არაფერი ჰუმანური და ადამიანური მასში არ არის. ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავდაპირველად, კლინიკა „ვივამედში“, რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. აღნიშნული კლინიკიდან კი რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.
შეგახსენებთ, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. პოლიტიკოსს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა.
ხოშტარიას ბრალი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხოშტარია მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის ბანერის დაზიანების საქმეში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

























