კახა კალაძე - ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არ არის მიზანი, პირიქით, გვინდა დავეხმაროთ მათ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცეც იყოს  მოწესრიგებული - მოძიებულია სივრცეები, სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს  შეუძლიათ შესვლა

კახა კალაძე - ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არ არის მიზანი, პირიქით, გვინდა დავეხმაროთ მათ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცეც იყოს  მოწესრიგებული - მოძიებულია სივრცეები, სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს  შეუძლიათ შესვლა

ბოლო დღეების და ბოლო თვეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან არაერთი წერილი და სატელეფონო ზარი იყო გაკეთებული, რომ მოგვეწესრიგებინა მარჯანიშვილის მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები დაბრკოლების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად ანტისანიტარიაზე და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთისა და კონსტრუქციების აღების ფაქტს.

მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გარევაჭრობა არის აკრძალული „მით უფრო მაშინ, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტრო სადგურების მიმდებარედ, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციას და მთლიანად მოწესრიგებას გეგმავს.

„რაც შეეხებათ მოვაჭრეებს, მათ არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა ამ გაფრთხილებამ სამწუხაროდ არანაირი შედეგი არ გამოიღო, აქვე უნდა ვთქვა რომ ჩვენთვის მათი ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის ყველაფერი და შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით, ჯანდაცვა, სოციალური, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა.

შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ, ასევე მესმის იმ ადამიანების ვინც მარჯანიშვილის მეტროს ტერიტორიაზე დაკავებული იყვნენ თავიანთი საქმიანობთ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არ არის ჩვენი მიზანი, პირიქით გვინდა ყველანაირად დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ და ასევე ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სივრცე იყოს ყველანაირად მოწესრიგებული, ეს არ ეხება მხოლოდ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიას, ზოგადად საუბარი მაქვს ქალაქში გარევაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ დამოკიდებულებაზე, შესაბამისად აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად ჩვენ დაწყებული გვქონდა იმ სავაჭრო სივრცეების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ სამუშაო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ უბრალოდ ისე ვტოვებთ ამ ადამიანებს, უბრალოდ მოვასუფთავეთ ტერიტორია და ამ ადამიანების ბედი არ გვანაღვლებს, თუ როგორ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობას - ეს ასე არ არის.

არის კონკრეტული სივრცეები, რომლებიც მოძიებულია, მაგალითად ასეთი სივრცეები გახლავთ „ქალაქის გული“ და „თერგი“ , სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ შესვლა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელება“- აღნიშნა კახა კალაძემ.