შალვა კერესელიძე - პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იქნება მიღებული - ეს არის ჩემი მოლოდინი

შალვა კერესელიძე - პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იქნება მიღებული - ეს არის ჩემი მოლოდინი

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც სასამართლოს მიღებული აქვს და უნდა შეასრულოს. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელში ხელოვნურად არის ჩამატებული, ხოლო ხელისუფლება ვერ ასაბუთებს, თუ რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს ოპოზიციურ პარტიასთან”.

“ჩვენი პარტია დღესდღეობით გახლავთ ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია. აქედან გამომდინარე, ის ამ სარჩელში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დამატებული. გაუგებარია, რატომ მოხდა ჩვენი დამატება.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ეს პოლიტიკური დაკვეთა სასამართლოს მიღებული აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. უბრალოდ ეს პროცედურები, პროცესები და სხდომები აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ეს დაკვეთა რეალურად შესრულდეს. დასკვნა სასამართლოს, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაწერილი აქვს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არც ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება ეს სხდომები და სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს არის ჩემი მოლოდინი.

რაც შეეხება თვითონ ბრალდებას, ჩვენ რამდენია ხანია ვეუბნებით „ოცნებას“, რომ დეტალურად აგვიხსნას, გვითხრას და დაგვისაბუთოს, თუ რას გვედავებიან. თუმცა ისინი ვერ ასაბუთებენ არგუმენტირებულად, თუ რა პრეტენზიები აქვთ ჩვენს მიმართ. რაში გვდებენ ბრალს? სახელმწიფო გადატრიალებაში? ხელისუფლების დამხობის მცდელობაში? ეთნიკური შუღლის გაღვივებაში? მაგრამ არც ერთი, არც მეორე და საერთოდ არანაირი არგუმენტები არ აქვთ. უბრალოდ საუბრობენ არარსებულ არგუმენტებზე, ჰაერზე, არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი და საბუთი არ არსებობს. დაველოდოთ სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ეს დაკვეთა უკვე მიღებული აქვს და იცის უკვე რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, მაინც დაველოდოთ სასამართლოს”, - განაცხადა კერესელიძემ.