დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას - გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდეს

4 000 ლარის ოდენობით გირაოთი გამიშვეს ციხიდან - საპროცესო შეთანხმება არ მქონია ან რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ციხიდან გამოუშვებდნენ, მისთვის მოულოდნელი იყო.
„იურიდიულ ნიუანსებში ვერ შევალ. გეტყვით იმას, რომ 4000-ლარიანი გირაოთი გამომიშვეს. მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც.
რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება, როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას.
[ციხიდან გამოშვებას] რა თქმა უნდა, არანაირად არ ველოდებოდი. სავარჯიშოდ მივდიოდით ბიჭებთან, თანამესაკნეებთან, მეგობრებთან ერთად, რომელიც თან გადამყვნენ. არაფერს ველოდებოდი, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

























