გია ვოლსკი - ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის

ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია. მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ, შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს, თუმცა „რეალურად საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმას ცდილობენ და ქვეყნის მომავალს უპირისპირდებიან“.
„ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია. მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ, შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მეორე გზაც, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა, განუკითხავად ყველას დასჯა, ფიზიკური დაპირისპირება ადამიანების, დაშინება და ციხეში ჩაყრა.
არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: დიახაც, მე მინდა, რომ შევიდეთ ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან და ამით მხარი დავუჭიროთ თითქოსდა ევროპას. ამ მიზეზით, მუდმივად ჰყავდეთ ქვეყანა დაძაბულობაში. ეს განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა უკვე, არაერთხელ. ხუთჯერ თუ ექვსჯერ, და ამას რეალური საფრთხე შეუქმნია ქვეყნისათვის და მომავალშიც შეუქმნის, რასაკვირველია, ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. სასიხარულო ამაში არაფერი არ არის.
სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებულები არიან ქვეყნის მომავალთან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

























