ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, „ქოლ-ცენტრების“, რუსეთის ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ, ამორფულ არა ეკონომიკად, არამედ კარტელად, სადაც ხეირობენ და მდიდრდებიან მხოლოდ მათი ჩინოვნიკები

ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, „ქოლ-ცენტრების“, რუსეთის ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ, ამორფულ არა ეკონომიკად, არამედ კარტელად, სადაც ხეირობენ და მდიდრდებიან მხოლოდ მათი ჩინოვნიკები

„არაქართული ოცნება“ საქართველოს ე.წ პარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის საკმარისი წარმომადგენლობა არ გააჩნია, იღებს კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ სოციალურ კატასტროფას აყენებს - სათამაშო ბიზნესმა ამ ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი გააუბედურა, არ ვუტრირებ და არ ვაჭარბებ, ასი ათასობით ოჯახი, რომელმაც დაკარგა დანაზოგი, ხელფასი, საცხოვრებელი და ზოგიერთმა სამწუხაროდ, სიცოცხლეც კი, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ბიზნესის ბრუნვის 35%-ს შეადგენს და აუცილებელია აზარტული თამაშების ბიზნესის მეპატრონეების 20%-ზე მეტით დაბეგვრა.

“იმ დროს, როცა “ანტიქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავს, ივანიშვილი და მისი “არაქართული ოცნება” საქართველოს ე.წ პარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის საკმარისი წარმომადგენლობა არ გააჩნია, იღებს კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ სოციალურ კატასტროფას აყენებს. მარტივი მოცემულობით უნდა შევხედოთ, რას ნიშნავს აზარტული თამაშები და სათამაშო ბიზნესი საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის? ივანიშვილმა და “არაქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეაპარა, რითაც ბიუჯეტში შესატან თანხებს სხვადასხვა აზარტული თამაშების კომპანიას ჩუქნის - სათამაშო ბიზნესს, რომელიც ისევ “არაქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები და მათი პოლიტიკური პარტიების შემომწირველები არიან. რამდენიმე მთავარ სტატისტიკურ მაჩვენებს რომ გადავხედოთ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 88 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2026 წლის მხოლოდ 2 კვარტალში ამ ბრუნვამ 47 მილიარდი შეადგინა, ეს არის საქართველოს მასშტაბით საერთო ბიზნესის ბრუნვის 35%. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, “ქოლ-ცენტრების”, რუსეთის ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ, წარმოუდგენელ ამორფულ არა ეკონომიკად, არამედ რაღაც კარტელად, სადაც ხეირს ნახულობს და მდიდრდებიან მხოლოდ და მხოლოდ “არაქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, პერსონალურად ივანიშვილი და მასთან დაახლოებული კაზინოების მფლობელები. ეს ხდება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სკოლებში შიმშილობს, როცა პენსიონერებს 20 ლარით უზრდიან პენსიას, ვერ დაასრულეს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30 % ცენტრალიზებულად სასმელი წყალი არ მიეწოდება, სარწყავი წყლის გარეშეა საქართველოს სავარგულების სრული უმრავლესობა, არ არსებობს გზები საქართველოს უამრავ სოფელში, არ არსებობს ელექტროენერგიაც კი საქართველოს ათეულობით და ასეულობით სოფელში, ქართველი კაცი და ქალი ივანიშვილისა და “არაქართული ოცნების” მხრიდან მიტოვებულია, თუმცა ამ დროს ახერხებს და იცლის იმისთვის, რომ კაზინოებისთვის, იმ სათამაშო ბიზნესისთვის, რომელიც ისევ მათ ჯიბის ბიზნესმენებს ეკუთვნით, ქმნის ახალ პირობებს, რითაც ახდენს ახალი სოციალური კატასტროფის დაანონსებას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სათამაშო ბიზნესმა ამ ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი გააუბედურა, არ ვუტრირებ და არ ვაჭარბებ, ასი ათასობით ოჯახი, რომელმაც დაკარგა დანაზოგი, ხელფასი, საცხოვრებელი და ზოგიერთმა სამწუხაროდ, სიცოცხლეც კი. ეს არ არის სახუმარო საკითხი და ასეთ დროს, როდესაც ასეთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას იღებს, ივანიშვილსა და მისი ჩინოვნიკების ბანდას უნდა ახსოვდეს, რომ ეს უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი და საზოგადოებისგან მიიღებს იმ პასუხს, რომელიც ეკუთვნის. ეს არის ძარცვა და გაუბედურება საქართველოს მომავალი თაობის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ მხარეს ნარკოტიკებმა და ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი თაობა შეჭამეს და მეორე მხარეს სათამაშო ბიზნესმა. “ლელო-ძლიერი საქართველოს” ცალსახა პოზიციაა, რომ სათამაშო ბიზნესი კაზინოები და მათი მფლობელები უნდა დაიბეგრონ, არა არსებული 20%-ით, არამედ ბევრად მეტით. ეს მაჩვენებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არის ბევრად მეტი - ავსტრიაში 45%, ნიდერლანდებში 37,8%, საბერძნეთში 35%, დანიაში 28%, მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ეს არის 20%. ყოველდღიურად იღებენ ისინი ყველანაირ შეღავათს ახალი კანონპროექტებით მაშინ, როდესაც იძარცვება საქართულოს ბიუჯეტი, არ იზრდება პენსია, არ აშენებენ სკოლებსა და ბაღებს მაშინ, როცა ჯანდაცვა არის გაუმართავი და ნარკოკარტელებმა ეს ქვეყანა გააუბედურეს. ივანიშვილს ადარდებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ჩინოვნიკების გამდიდრება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რა პროცესს აწარმოებს ივანიშვილი, აკრძალვის, გაუქმების, ამოძირკვის პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ ივანიშვილის ძალადობრივი ხელისუფლების მხილებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საქართველო არ არის “არაქართული ოცნების” სალარო, საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების და მათ ინტერესს დაიცავს “ლელო -ძლიერი საქართველო”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.