შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს - ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან - ხანდახან მეგობარს უფრო სჭირდება შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით

მინდა, ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით. მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილგანზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს და იცის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სენტიმენტების სფერო და რომ სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
„დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი უცხოელი დიპლომატები, რომლებიც საქართველოში საკუთარ ქვეყნებს წარმოადგენენ. დიპლომატიური ურთიერთობა მაშინ არის წარმატებული, როდესაც განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და პარტნიორობის შენარჩუნება შეგვიძლია. სწორედ ასეთ ურთიერთობებზე დგას ნდობა და სწორედ ასეთ ურთიერთობებს სჭირდება ყველაზე მეტად სიმართლე, პასუხისმგებლობა და ზომიერება. ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს ვთქვი, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იყო. გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ეს მხოლოდ თეორიული გაფრთხილება არ ყოფილა. დღეს საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ხშირად უბრუნდება ძალის, ინტერესისა და გავლენის უხეშ ლოგიკას. ახალი ომების დაწყება ლამის ყოველდღიურობად იქცა. ქვეყნების სუვერენიტეტი უპრეცედენტო გამოცდას გადის. საერთაშორისო სამართლის პრინციპები კი სწორედ მაშინ არის უგულებელყოფილი, როდესაც მათი დაცვა ყველაზე მეტად არის საჭირო. 35 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენ ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით სამყაროს, რომელშიც ვბრუნდებოდით,. გვეგონა, რომ ცივი ომის დასრულებას მოჰყვებოდა ეპოქა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა სამართალი და სულ უფრო ნაკლებად- ძალა. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს. დღეს ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სენტიმენტების სფერო, სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა. ამიტომ მინდა ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ- ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი სნებით. მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილგანზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჩაურევლობის პრინციპის პატივისცემის მაგალითი საქართველომ თავად უნდა აჩვენოს.
„ჩაურევლობის პრინციპის პატივისცემა საქართველომ მხოლოდ სხვებისგან არ უნდა მოითხოვოს. ჩვენ თავად უნდა ვაჩვენოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მაგალითი. ქართველი დიპლომატი უცხო ქვეყანაში უნდა იყოს საქართველოს წარმომადგენელ, პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ არა იმ ქვეყნის ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ სხვა ხალხების არჩევანს ისე, როგორც მოვითხოვთ ჩვენი ხალხის არჩევანის პატივისცემას. თუ გვინდა საერთაშორისო წესრიგის აღდგენა, სწორედ ამ მარტივ პრინციპებთან დაბრუნებაა საჭირო სუვერენიტეტი, თანასწორობა, ჩაურევლობა და ურთიერთპატივისცემა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სახელმწიფოებისთვის. დიდი სახელმწიფო შეიძლება ზოგჯერ ფიქრობდეს, რომ წესების დარღვევის ფასს იოლად გადაიხდის. პატარა სახელმწიფოსთვის კი საერთაშორისო სამართალი და სუვერენიტეტის პატივისცემა უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ამიტომ საქართველოს დიპლომატიის ამოცანა დღეს მხოლოდ ჩვენი პოზიციების ახსნა არ არის. თქვენი საქმეა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა სამყაროში, სადაც ინტერესები სულ უფრო პირდაპირ და ღიად იკვეთება. ამისთვის საჭიროა პრინციპულობაც და მოქნილობაც, პარტნიორების შეძენაც და იმის ცოდნაც, სად გადის ზღვარი კომპრომისსა და საკუთარი ინტერესების დათმობას შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

























