მედია - ბარტ დე ვევერი, ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

მედია - ბარტ დე ვევერი, ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დღეს მეფე ფილიპს შეხვდება და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წინადადებას წრუდგენს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბარტ დე ვევერი კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა, რაც 10 მილიარდი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტის შევსების მცდელობებს უკავშირდება.

მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიზნით, დე ვევრის ხუთპარტიული მთავრობის მაღალჩინოსნები შაბათ-კვირას შეიკრიბნენ, თუმცა მოლაპარაკებები ორშაბათს დილით უშედეგოდ დასრულდა. სამშაბათი შეთანხმების მიღწევის არაოფიციალურ ბოლო ვადად მიიჩნეოდა, რადგან ბიუჯეტი წლის ბოლომდე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

POLITICO წერს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, დე ვევერს სურდა ფინანსური ბაზრებისთვის ეჩვენებინა, რომ ბელგია ევროპული ვალდებულებების შესრულების გზაზეა. 2025 წელს ბელგიის დეფიციტმა მშპ-ის 5.2% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

დე ვევერმა გამორიცხა ახალი წლის დროებითი ბიუჯეტით დაწყება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემდა გასული წლის ბიუჯეტით გაეგრძელებინა მუშაობა.

ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, დაძაბულობა ძირითადად ფლამანდიელ სოციალისტებსა და ფრანკოფონურ ცენტრისტულ-მემარჯვენე რეფორმისტულ მოძრაობას შორის იჩენდა თავს.

პირველი მათგანი მოითხოვდა, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე პირებს გადასახადების სახით უფრო მეტი წვლილი შეეტანათ, მეორე კი ამას გამორიცხავდა და დამატებული ღირებულების გადასახადის უფრო ფართო რეფორმასაც ეწინააღმდეგებოდა.