ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია

მე მივესალმები მონანიებას, აღიარებას, ამ შემთხვევაში ჩვენი დაპირება არის ძალაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას.
მისი თქმით, ყველას მიმართ, ვინც მოინანიებს და აღიარებს, ამოქმედდება ზომები და ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება ზომები და ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, ჩვენი თვითმიზანი არის სამართლის უზენაესობის აღსრულება, შესაბამისად თუ ადამიანები მოინანიებენ, აღიარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორეს მხრივ ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

























