ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაზე საშინელი თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 18 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილიდან, დასახლებულ პუნქტზე ავიაბომბებით დარტყმა რამდენჯერმე განხორციელდა. დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენებოდა - იქ ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. სამწუხაროდ, ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ ვრცელდება. ხუთი ადამიანი დაშავდა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ იმ ადგილას, სადაც დარტყმა განხორცილედა, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ კვირას ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა. ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო ეჩვენებინა ის, რომ მშვიდობისკენ წინსვლა შესაძლებელი იყო. ამ მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს გზავნის: რუსეთი გათვლას მეტ მკვლელობაზე აკეთებს. ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.