გიგა ავალიანის დედა - ჩემს შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

გიგა ავალიანის დედა - ჩემს შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

ჩემს შვილს, ნიკას [გიორგი] მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

კუპატაძის თქმით, მისი მეორე ვაჟის მიმართ მიდის სიტყვიერი და ემოციური ზეწოლა, რის გამოც ნიკა ავალიანი სასამართლო სხდომებზე აღარ დადის.

“ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი.

მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ [პირველად მათ დაიწყეს], ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.