ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - ბავშვიც არ დაიჯერებს ბრალდებებს, რაზეც ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს - ყველასთვის ცნობილია, რატომ კეთდება საპროცესო დღეს საქართველოში, შემდეგ, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა?

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - ბავშვიც არ დაიჯერებს ბრალდებებს, რაზეც ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს - ყველასთვის ცნობილია, რატომ კეთდება საპროცესო დღეს საქართველოში, შემდეგ, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა?

ბავშვიც არ დაიჯერებს ბრალდებებს, რაზეც ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს - არ ახსოვს როდის მიუტანა ღარიბაშვილს თანხა, რამდენი მიუტანა, რა ფორმით - თუ ყველაფერზე იძახე: „არ მახსოვს, არ მახსოვსო“, უკაცრავად, მხოლოდ ის გახსოვს, რომ მიუტანე?, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგაა, „იმდენად შაბლონურია, რომ გაგიკვირდებათ კიდევაც“.

ლალი აფციაურის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არის.

„ეს საიდუმლო არაა და ყველასთვის ცნობილია, რატომ კეთდება საპროცესო დღეს საქართველოში. მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს გარკვეული შეღავათები ამა თუ იმ ადამიანმა. მაგალითად, ბურჭულაძეს 10 - წლიანი სასჯელი ჰქონდა, რომელიც 3 წელზე ჩამოუყვანეს. ეს შეღავათია მისთვის. სამიდან ერთ წელი მოხდილი აქვს და ცოტაღა აქვს დარჩენილი, მარტივად გამოვა. უბრალოდ, ადამიანმა როგორ უნდა იცხოვრო შემდეგ, ეგ მაინტერესებს.

სიტყვებზე უნდა დავუჯეროთ? მტკიცებულება არ არის. ჩვენ იურისტები ვართ და ვამბობთ იმას, რაც არ არის. რომ იყოს ხვალ და ზეგ წინ დაგვახვედრებენ და უნდა შეგრცხვეს, როგორც იურისტს, ტყუილი არ უნდა თქვა. რომ ვამბობ,რომ არ არის მტკიცებულებები, ე.ი. ნამდვილად არ არის. ჯუანშერ ბურჭულაძეს არ ახსოვს, როდის მიუტანა[ღარიბაშვილს თანხა], არ ახსოვს რამდენი მიუტანა, როგორ მიუტანა, სად მიუტანა, ვისთან ერთად მიუტანა და უკაცრავად, არაფერი არ გახსოვს და არაფერი არ იცი? როცა არაფერზე პასუხი არ გაქვს, რაზეა იქ საუბარი? არ ახსოვს და არ იცის.

ჩვენებასაც რომ წაიკითხავთ, რაც ამ ეტაპზე დევს ირაკლის წინააღმდეგ, იმდენად შაბლონურია, რომ გაგიკვირდებათ კიდევაც. ბრალდების მხარეც კი არ აზუსტებინებს, რომ მიუტანე, სად მიუტანე, როგორ მიუტანე, ვისთან ერთად, როგორ შეხვედი კაბინეტში. ეს ყველაფერი თუ არ გამოიკვლიე და ყველაფერზე იძახე:“ არ მახსოვს“, უკაცრავად, მაგრამ მარტო ის გახსოვს, რომ მიუტანე და მეტი არაფერი არ გახსოვს? ასე არ ხდება. პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს იმ ბრალდებებს, რასაც ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს“, - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.