გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სარკეში ჩაიხედონ და დაინახავენ, რისი პეწი აქვთ: „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ძმაკაცები არიან, საკონსტიტუციო განხილვაზე კი აგებენ 200:0-ს

გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სარკეში ჩაიხედონ და დაინახავენ, რისი პეწი აქვთ: „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ძმაკაცები არიან, საკონსტიტუციო განხილვაზე კი აგებენ 200:0-ს

ხვალ, სამწუხაროდ, მოვისმენთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საბოლოოდ დასრულებულია - ყველა „ქოცს“, რეჟიმის მომხრეებს და ჭანჭიკს ვიწვევ, რომ ერთი შემთხვევა მაინც მაჩვენონ, როდესაც გაიხსნა შანსი საქართველოსთვის მეტი ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის, ეროვნული უსაფრთხოების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა. მე მათ ყოველ ჯერზე ვაჩვენებ, როგორ საპირისპიროს აკეთებდნენ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს ღიად აკეთებს“.

„ხვალ, სამწუხაროდ, მოვისმენთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საბოლოოდ დასრულებულია, შეუქცევადად ვიდრე ეს რეჟიმი მმართავს. დიდი ხანია დაპაუზებულია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დააპაუზა 2024 წლის 28 ნოემბერს. ხარისხობრივად ეს პროცესი არის ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დაპაუზება. არცერთი გამოხატულებით, თვალსაზრისი არ მიდის წინ, პირიქით უკან მიდის. რეჟიმის ბოლო ძალისხმევაა, რომ აკრძალოს მილიონი ქართველის მიერ გაფერადებული პოლიტიკური პარტია, საუბარია ოთხ ჩამოყალიბებულ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურ პარტიაზე, ვისი პროგრამაც და პოლიტიკური ლიდერები ყველამ კარგად იცის. ჩვენ წლებია გვიყურებს საზოგადოება, იცის ვინ უფრო მოსწონს და ნაკლებად. კარგად ვართ ცნობილი, როგორც პოლიტიკური ენერგიები ხალხისთვის. გუშინ და გუშინწინ არ გამოვჩენილვართ. მტკიცება ხომ არ გვიწევს, რომ არ ვართ დანაშაულებრივები. ეს 4 პოლიტიკური ძალაა ყველაზე ძლიერი.

ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ღიად. ყველა „ქოცს“, რეჟიმის მომხრეებს და ჭანჭიკს ვიწვევ, რომ ერთი შემთხვევა მაინც მაჩვენონ, როდესაც გაიხსნა შანსი საქართველოსთვის მეტი ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის, ეროვნული უსაფრთხოების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა. მე მათ ყოველ ჯერზე ვაჩვენებ როგორ საპირისპიროს აკეთებდნენ“, - აღნიშნა გეგელიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლის განცხადებას, რომ „არავისზე ნაკლები ევროპელები არ ვართ ან საქციელით, ან პეწით“, გრიგოლ გეგელიას თქმით, სარკეში ჩაიხედონ და დაინახავენ, რისი პეწიც აქვთ - „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ძმაკაცები არიან სულით და ხორცით“.

„ვოლსკი ვურჩევდი, ზახაროვას ჰკითხოს, როგორ მოხდა, რომ 7-ჯერ შეაქო კობახიძის პოლიტიკური რიტორიკა, ზატულინს ჰკითხოს, როგორ მოხდა, რომ კობახიძის გატარებული კურსი მოსწონს. როგორ შეიძლება სახელმწიფოს, რომელიც ღიად შენი მტერია და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ოფიციალურად ამბობს, რომ ან მისი მონა იქნები ან გაგანადგუროს, გარკვეულ დროს, როგორ შეიძლება ოფიციალური მაღალი წარმომადგენლები გაქებდნენ? ე.ი. რაღაცას აკეთებ ერის წინააღმდეგ.

პაპუაშვილი მაშინ დააწინაურეს, როდესაც ქალი პოლიტიკოსი და კოლეგა ამოიდო იღლიაში და ათრია პარლამენტის დარბაზში. ეს არის ჩემი კომენტარი პაპუაშვილის ევროპულ პეწსა და ადამიანურ პეწზე. სარკეში ჩაიხედონ და დაინახავენ, რისი პეწი აქვთ. „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ძმაკაცები არიან სულით და ხორცით. ეგ არის მათი პეწი!“ - აღნიშნა გეგელიამ.

ასევე მან, გუშინ, დიპლომატის დღეს გაჟღერებული გზავნილებიც შეაფასა.

„ქართველ დიპლომატებს, ვინც საგარეო სამსახურში დარჩნენ შესაბამისი მაღალი თანამდებობების გამო, ვეტყოდი, რომ აღარ არიან საჭირო საგარეო სამსახურში. 2 წელია მიმდინარეობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაცია ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ზოგიერთმა ელჩმა, პრივილეგიები და კომფორტი აირჩია მაშინ, როდესაც ბავშვებს ურტყამენ 30 კგ-იან ფეხსაცმელს სახეში. ისინი აღარ არიან საჭიროები საგარეო სამსახურში. დიპლომატებმა, რომლებმაც 30-წლიანი საგარეო სამსახურის შემდეგ დატოვეს სამსახური, ვეტყოდი, რომ ისინი სჭირდება საქართველოს ახალ ფაზაში საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის.

ასეთი ფაზა იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, როდესაც მანქურთების რეჟიმს შევცვლით, რაც უკვე ხდება სერბეთში, უნგრეთში და ხვალ აქ მოდება“,- აღნიშნა გეგელიამ.

გარდა ამისა, მან კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც ისაუბრა. როგორც გეგელიამ განმარტა, „ეს არის გამოხატულება, თუ რა ემართებათ მონებს და ყოველმა შემდეგმა მონამ უნდა იცოდეს, რომ მათ მომავალი წარმოდგენილია ღარიბაშვილის სახით“.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ღრმად კორუმპირებული ადამიანი, ძალიან ცუდი ადამიანი. უდიდესი ბოროტება აქვს ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე. ის არის გამოხატულება, თუ რა ემართებათ მონებს. ყოველმა შემდეგმა მონამ უნდა იცოდეს, რომ მათ მომავალი წარმოდგენილია ღარიბაშვილის სახით. შემდეგია თავისუფალი სასამართლო და გამჭვირვალე, რევანშისგან დაცლილი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი ყველა მოღალატის წინააღმდეგ, ვინც დღეს ღიად დღისით მზისით ჩადის საბოტაჟს და კონსტიტუციურ გადატრიალების მცდელობას საგარეო ძალის დახმარებით.

საქმე, რომელიც სასამართლოშია, სინამდვილეში ეხება „ქართულ ოცნებას“. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ ეს საქმე გაამზადა. შემდეგ ხელისუფლებას ექნება ეს საქმე „ქართული ოცნების“ ხელითვე გამზადებული. შარმანაშვილს და გორდულაძეს მოუწევთ შეცვალონ მხარე, დარბაზში მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ და ესაუბრონ თავისუფალ სასამართლოს.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ეჭვი გამიჩნდა, „ქართული ოცნება“ ძალიან ნანობს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე პროცესის გახსნას, რაც გახსნა სატელევიზიოდ. ისინი 200:0 აგებენ პიარულად. მათ მხარეს არ არის უახლესი ისტორია“,- აღნიშნა გეგელიამ.

რაც შეეხება გელა გელაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნას, გეგელიას თქმით, მაფიოზური კლანი მაფიოზური ლოგიკით ლაგდება და კორუმპირებული ვირთხების ბრძოლაა.

„გეკა გელაძე იყო დიმიტრი შაშკინის კადრი. როგორღაც აღმოჩნდა, რომ მე ვარ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და გელაძეა სუს-ი, შსს და ახლა თბილ პენსიაზე გაუშვეს. არავითარი სტაბილურობა არაა ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, სუს-ის ხელმძღვანელი ხარ და შემდეგ ჩამოგხსნეს, რადგან ვინც გმფარველობდა, აღარაა თბილ პოზიციაზე, შენივე წინა თანამდებობის მოადგილედ გადაგიყვანეს და შეურაცხყოფა მოგაყენეს, იქაც 49 დღე დატოვეს. მაფიოზური კლანი მაფიოზური ლოგიკით ლაგდება და გადალაგდება. ეს არის კორუმპირებული ვირთხების ბრძოლა“,- აღნიშნა გეგელიამ.