ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილზე - როცა წამებაზე საუბრობს, არასერიოზულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, კარგად იცის, რომ პატიმრის უფლებები დაცულია

როცა წამებაზე საუბრობს, უბრალოდ არასერიოზულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობის დროს კიდევ უფრო მიზანშეწონილი არ არის რამე განცხადების გაკეთება, - ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მასზე ფსიქიკური და მორალური წამება განხორციელდა.
კირცხალიას თქმით, 2012 წლის შემდეგ, ციხეში პატიმრების უფლებები დაცულია.
„ახალს ვერაფერს მოისმენთ ჩემგან, ბევრჯერ გაკეთდა ამ ადამიანზე [კომენტარი], ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ ამ კომედიური ჟანრის წერილებს, ძალიან სამწუხაროა. მერე გეხმიანებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეხოტბეები, ნებსით თუ უნებლიედ, ჯდები იმ ნავში, რომელიც პოლიტიკურად ჩაძირულია. დაცვის მხარეს ბევრი უფლება აქვს, ნებისმიერი რაღაცის თქმა შეიძლება. ერთი, რასაც ვეტყოდი ბატონ ირაკლის, ძალიან კარგად იცის მანაც და მისმა უფლებადამცველებმაც, პატიმრის უფლებები განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, აქ არის დაცული. როცა წამებაზე საუბრობს, უბრალოდ არასერიოზულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობის დროს კიდევ უფრო მიზანშეწონილი არა რის რამე განცხადების გაკეთება. დამოკიდებულება და პოლიტიკური დამოკიდებულება, პასუხი, რაც მოგისმენიათ ჩემგან და ჩემი თანაგუნდელებისგან, იგივეა, ახალს ვერაფერს მოისმენთ“, - განაცხადა კირცხალიამ.

























