სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი - „განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო

სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი - „განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება - ვორკშოპი „FORGE-AI – განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო. ვორკშოპის მთავარი სამიზნე ჯგუფი სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები არიან. პროგრამის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მონაწილეთა ინოვაციური და სამეწარმეო კომპეტენციების გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ინოვაციური იდეების პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნის ხელშეწყობა და სტარტაპეკოსისტემაში მათი ჩართულობის გაძლიერება.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვორკშოპის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, FORGE-AI პროექტის კოორდინატორი გიორგი გიორგობიანი.

როგორც გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ინტერაქტიული სწავლების, გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების პრინციპებს. მისი შინაარსი აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ინოვაციური მეწარმეობის საფუძვლებს, სტარტაპების განვითარების თანამედროვე მიდგომებსა და დაფინანსების მექანიზმებს.

„ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილი ინტერაქტიული ლექციები და პრაქტიკული სესიები მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სტარტაპის სტრუქტურა, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი პრინციპები; ინტერაქციული სამუშაო ფორმატები – World Café, Startup Problem-Solving Clinics და Pitching; ინოვაციები და ევროპული თუ ქართული დაფინანსების წყაროები და მექანიზმები; წარმატებული ქართული სტარტაპების გამოცდილება; ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act) და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი რეგულაციური ჩარჩო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავების მეთოდებს, ბიზნესიდეების პრეზენტაციასა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებას. გუნდური მუშაობა და პრობლემაზე ორიენტირებული სესიები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და საკუთარი იდეების განვითარების რეალისტური გზები განსაზღვრონ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი გიორგობიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოპის საერთაშორისო ექსპერტული შემადგენლობა აერთიანებს საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, კვლევასა და განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას.

ორდღიან პროგრამას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად გაუძღვებიან საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები: საფრანგეთი - Creative Valley (კრეატიული ველი) - ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარების ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობასა და ახალი ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციას წარმოადგენენ: ტუნდე კალაი - კვლევისა და განვითარების (R&D) და ინოვაციების კონსულტანტი; იან გოზლანი - Creative Valley-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გერმანია - DFKI (გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი) - ანდრეი გირენკო - კვლევისა და განვითარების ადმინისტრირების სპეციალისტი, ევროკავშირის დაფინანსების მიმართულებით; იან ალექსანდერსონი - მთავარი მკვლევარი (Principal Researcher) და კვლევითი თანამშრომელი (Research Fellow). ზაარლანდის უნივერსიტეტი (Saarland University), Triathlon - მორელია ვასკეს რენტერია - Triathlon-ის გუნდის წარმომადგენელი, მეწარმეობის მიმართულებით; სვენ ჰარდტი - სტარტაპების კონსულტანტი (Startup Consultant), მეწარმეობის მიმართულებით.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ვორკშოპს განსაკუთრებულ პრაქტიკულ და საერთაშორისო განზომილებას სძენს. მათი გამოცდილების გაზიარება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ევროპულ ინოვაციურ ეკოსისტემაში აპრობირებულ მიდგომებს, სტარტაპების განვითარების მექანიზმებს, კვლევითი იდეების კომერციალიზაციის გზებსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს.

„FORGE-AI-ის ფარგლებში ორგანიზებული ვორკშოპის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი აკადემიურ ცოდნას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ გამოცდილებას ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღებული ცოდნა რეალურ ინოვაციურ იდეებად და პერსპექტიულ ტექნოლოგიურ პროექტებად გარდაქმნან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული კომპეტენციების გაღრმავებაზე, არამედ შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და სამეწარმეო უნარების განვითარებაზეც.

პროექტის საერთაშორისო განზომილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან გერმანიისა და საფრანგეთის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უშუალო თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების განვითარების თანამედროვე მექანიზმების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს,“- აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.

სტუ-ის ინფორმაციით ვორკშოპი ორ სექციად იმუშავებს. რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თემატური მიმართულებების მიხედვით ჩაერთონ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში, იმუშაონ გუნდურად და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება უშუალოდ გაეცნონ.