გიორგი ბარამიძე - ეს პროცესი არის ადამიანის გაშავების, სახელისა და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი - შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი მინდა? უბრალოდ მკრეხელობაა - თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე

გიორგი ბარამიძე - ეს პროცესი არის ადამიანის გაშავების, სახელისა და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი - შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი მინდა? უბრალოდ მკრეხელობაა - თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე

ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი ადამიანის გაშავებისა, ადამიანის სახელის და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრისა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, რასაც აბრალებენ ტყუილია და არ უთქვამს.

„მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის სამსახურში გავატარე, თუკი რამე მომხდარა ქვეყანაში, ყველგან წინა ხაზზე ვიყავი, მშვიდობიანი ფრონტი იყო თუ შეიარაღებული. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ რამეს გამოვაკლდი ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში. მე შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი მინდა? უბრალოდ მკრეხელობაა.

მაბრალებენ იმას, რაც არის ტყუილი, მე თვითონ ვამბობ, რომ ტყუილია. გინდა თუ არა, შენ ეს თქვიო, მე ვამბობ, რომ არ მითქვამს და განვმარტე, ისიც ვაღიარე, რომელი სიტყვაც ყურს ჭრის, შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს, არის არასწორი და წერილობით, სიტყვიერადაც, მიმართვებში, ტელევიზიით, ფეისბუქზე, განვმარტე. თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს.

საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმად, "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".

პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.