ევროკომისია ხვალ წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” , რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს

4 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკომისია ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” წარადგენს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომლის შემდეგ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, თბილისში წარმოადგენს ანგარიშში მოცემულ ძირითად დასკვნებს საქართველოს შესახებ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
„ვროკომისია ყოველწლიურ ანგარიშში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლას აფასებს - მათ შორის არის საქართველო, რადგან ის კანდიდატი ქვეყანაა. ანგარიში ყოველწლიურია, კრიტერიუმები - მკაფიო, სტანდარტები კი ყველასთვის ერთნაირი.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ‘9 ნაბიჯად’ ცნობილი მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაეტარებინა. ეს 9 ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, მოიცავდა რეფორმების გატარებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში.
კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც თან ახლავს მკაფიო ვალდებულებები. ეს ვალდებულებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ‘ფუნდამენტურ პრინციპებს’ უკავშირდება.
დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველია. ეს ფუნდამენტური პრინციპები ყველა კანდიდატ ქვეყანას ეხება. მათი შესრულება არჩევითი არ არის.
ფუნდამენტურ საკითხებში წინსვლის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია: ევროკავშირი ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირია”, -ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

























