კახა კალაძე - როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს

როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბერა ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას, რომელიც „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს ეხებოდა.
კალაძის თქმით, ის მიესალმება ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.
„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, სანამ 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება დაუშვებელია და საზოგადოებამ საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაიცვას.
„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია “პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

























