ლელა ჯეჯელავა - ოპოზიციური პარტიები ისედაც აკრძალულები არიან, ლიდერები ციხეში სხედან, არ აქვთ ფინანსები, პოლიტიკური ბერკეტები, საწვავის თანხაც კი არ აქვთ, ხალხთან რომ მივიდნენ - რაც შეეხება პროცესებს, გადასაღებად გამზადებული „ბლოკბასტერია“

ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა უკვე დიდი ხანია ისეთია ქვეყანაში, რომ ისედაც აკრძალულები არიან, აბა რა არიან. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში სხედან, ფინანსები არ აქვთ, პოლიტიკური ბერკეტები არ აქვთ, საწვავის თანხაც კი არ აქვთ, ხალხთან რომ მივიდნენ , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
ჯეჯელავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა პროცესებმა ოპოზიციური პარტიების რეანიმირება მოახდინა და "ქართული ოცნება", როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, დაასამარა.
“ამ ეტაპზე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაცოცხლების ცხად სურათს ვერ ვხედავ. არ ვიცი, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავენ თუ არა, მაგრამ ამ სასამართლო პროცესებმა, პრაქტიკულად, დაკრძალა “ქართული ოცნება”, როგორც ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა იმიტომ, რომ მე არც კი წარმომადგინა, რომ ასეთი სარჩელის შეტანა საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა.
ძალიან ვწუხვარ, რომ თავის დროზე არ მინახავს წულუკიანის საპარლამენტო კომისიის სხდომები და თურმე ეს რა სანახაობა ყოფილა. მე არ ვიცი, ადამიანს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, როგორ არ აქვს უხერხულობა იმ წარმოდგენით, რაც იმ კომისიის სახით დადგა. ახლა რომ ვუყურებ მოწმეთა დაკითხვების კადრებს და მათ ჩვენებებს, სრულიად შოკირებული ვარ. გადასაღებად გამზადებული „ბლოკბასტერია“. ალბათ, ხაინდრავა მაგასაც გადაიღებს.
მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესმა ოპოზიციური პარტიების გარკვეულწილად რეანიმირებაც მოახდინა იმ თვალსაზრისით, რომ მათ ძალიან კვალიფიციურად და ძალიან აკადემიურად წარმოადგინეს ამ სარჩელის ანტი-ეროვნულობა, ანტი-სახელმწიფოებრიობა, ანტი-კონსტიტუციურობა და ა.შ.
ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა უკვე დიდი ხანია ისეთია ქვეყანაში, რომ ისედაც აკრძალულები არიან, აბა რა არიან. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში სხედან, ფინანსები არ აქვთ, პოლიტიკური ბერკეტები არ აქვთ, საწვავის თანხაც კი არ აქვთ, ხალხთან რომ მივიდნენ. ერთადერთი რჩებათ ოპოზიციური არხები, რომლებიც ისედაც ფინანსური წნეხის ქვეშ არიან და სულს ღაფავენ. ამ წუთში რა საშიშროებას წარმოადგენენ? აქამდე ის მითი, რომ ბიძინა ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდება იმისთვის, რომ მისგან ბუა შექმნას, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება, “ქართული ოცნება” იოლად დამარცხდება, ახლა ვნახავთ, როგორ დამარცხდება იოლად ან ვინაა მისი იოლად დამმარცხებელი.
ივანიშვილს უნდა, რომ ოპოზიციაც მისგან იყოს მართული. ვინც არ უნდა შემოვიდეს ახლა ამ მოსუფთავებულ ველზე, თუ ეს ოპოზიციური პარტიები აკრძალა, ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ რეპუტაციულად იმხელა ზიანი ექნება უკვე მიყენებული, ელექტორალური თვალსაზრისით ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნება”, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

























