რიკარდ იოზვიაკი ევროკომისიის ანგარიშზე - საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს

საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„მთავარი ჩანაწერი ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს“, - წერს იოზვიაკი X-ზე.
ასევე, იოზვიაკის ცნობით, ანგარიშში გასული წლის ჩანაწერი მეორდება, რომ „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ სახელით“ არის“.
„2026 წლის გაფართოების ანგარიში: ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი „მხოლოდ სახელით“ რჩება და კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე უარის თქმას კვლავ აგრძელებს“, - წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

























