„საქსტატში“ ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

„საქსტატში“ ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის მიზანია სტატისტიკის სფეროში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება, ოფიციალური სტატისტიკის პოპულარიზაცია და სტატისტიკური მონაცემების სწორად გააზრებისა და გამოყენების ხელშეწყობა.

„ტრენინგ ცენტრის ფარგლებში პერიოდულად ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, რომლებიც მოიცავს საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის: ფასებისა და ინფლაციის სტატისტიკას, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებას, საგარეო ვაჭრობას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბიზნესის სტატისტიკას, შრომის ბაზრისა და დასაქმების, მოსახლეობის, დემოგრაფიულ, სოციალურ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკას და სხვა მიმართულებებს.

ტრენინგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური საფუძვლების განხილვა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გროვდება და მუშავდება შესაბამისი მონაცემები, რა მეთოდოლოგიით გამოითვლება კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები და როგორ უნდა მოხდეს მათი სწორად ინტერპრეტაცია და გამოყენება.

ტრენინგები განკუთვნილი იქნება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური წრეების, მკვლევრების, სტუდენტების, მედიისა და სტატისტიკური ინფორმაციით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

ტრენინგ ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს სტატისტიკური განათლების განვითარებას, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის გაძლიერებასა და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

„საქსტატის“ ტრენინგ ცენტრში პირველი ტრენინგი 16 ნოემბერს ჩატარდება, თემაზე - „ინფლაცია და ფასების სტატისტიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.