ნინო წილოსანი - 4 ოქტომბრის დანაშაულს დიდი ნაწილი ინანიებს და ტოვებენ საპატიმროს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან უცხო გავლენების ქვეშ და ზუსტად ამ ადამიანების შესაგულიანებლად კეთდება ევროპარლამენტარების განცხადებები და ანგარიშები

4 ოქტომბრის დანაშაულს დიდი ნაწილი ინანიებს და ტოვებენ საპატიმროს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან უცხო გავლენების ქვეშ და ზუსტად ამ ადამიანების შესაგულიანებლად კეთდება ევროპარლამენტარების განცხადებები და ანგარიშები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „4 ოქტომბრის მოვლენები იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული, სადაც თითოეულ მონაწილესთან ერთად პასუხისმგებლობა მათ უცხოელ წამახალისებლებსაც ეკისრებათ”.
„არაერთი განცხადება და არაერთი მუქარა ისმოდა წინა პერიოდში თუ იმ დღეს [4 ოქტომბერს] ისმოდა. ისინი მიზანმიმართულად გაემართნენ, რომ პრეზიდენტის სასახლე დაეკავებინათ. ვერანაირი პროვოკაციაზე საუბარი ვერ იქნება, როდესაც გამიზნულად მიემართები სახელმწიფო ინსტიტუციის დასაკავებლად და ფაქტია, რომ მათ უკვე განახორციელეს, ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ განეხორციელებინათ საკუთარი მიზნები.
ერთადერთი დამნაშავე, ვინც შეიძლება იყოს, ეს არის თვითონ ის ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო დანაშაულზე, ჩართულიყო რევოლუციურ სცენარში, მთელი ეს პერიოდი განცხადებები გაეკეთებინა გადატრიალებასთან დაკავშირებით, ამიტომ ერთადერთი დამნაშავე ვინც არის, ეს არის თავად ამ პროცესში მონაწილე.
დანაშაულის პროვოცირებაზე თუ ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი პროვოცირება მოდიოდა მათ უცხოელი მფარველებისგან. ეს პროვოცირება ახლაც გრძელდება, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერი ახალისებს ამ ყველაფერს. როდესაც იწონებენ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას, ამაზე მეტი წახალისება და ამაზე მეტი თანამონაწილეობა დანაშაულში ნამდვილად არ შეიძლება რამე იყოს. 4 ოქტომბერს განხორციელდა დანაშაული. ამ დანაშაულს დიდი ნაწილი ინანიებს და რა თქმა უნდა, ამ აღიარების შედეგად ტოვებენ საპყრობილეს. თუმცა ამის პარალელურად არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან უცხო გავლენების ქვეშ და ზუსტად ამ ადამიანების წასახალისებლად, შესაგულიანებლად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კეთდება ევროპარლამენტარების განცხადებები, კეთდება ანგარიშები, სადაც 4 ოქტომბრის დამნაშავეები ვითომ უდანაშაულოებად არიან მოხსენიებული”, - განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას თავდაპირველად 7-7 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუმცა, ლაშა ბერიძემ და მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად დატოვეს.

























