ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს

ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამის უკან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის მიზანი იყო, რათა გარედან შემოსული თანხები ოპოზიციური ძალებს მოხმარებოდა - ევროპული ინტეგრაცია სწორედ ამიტომ გამოიყენეს! - ეს განცხადება პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, იცოდნენ რა, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხალხის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა აქვს, იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებდნენ.
„ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა ლოზუნგით, რაც მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არ შეცვლილა და ევროკავშირში გაერთიანება გვინდა. ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღეს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად აღებულია გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ვამბობდით, რომ მზად ვიყავით ამ კანონზე სამართლებრივად სასაუბროდ დავმსხდარიყავით. ვამბობდით: - თუ თქვენ წარმოადგენთ ერთ რომელიმე პუნქტს ან მუხლს, რომელიც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ მზადა ვართ, რომ კანონის გადახედვაზე ვიმსჯელოთ.
ევროკავშირისგან ასეთი რამ არ ყოფილა! ჩვენს ამ ინიციატივას ყოველთვის თან სდევდა დუმილი და დახურული კარი, რაც ორწელიწადნახევარია გრძელდება. ჩვენ ორწელიწადნახევარია ვეუბნებით: - დავსხდეთ და ვისაუბროთ კანონზე! სამწუხაროდ, ამაზე მათი მხრიდან მზაობა არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატომ არ არის მზაობა - არ არის მზაობა იმიტომ, რომ იციან, რომ კანონი ევროპულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება!
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ სამინისტროს წელიწადში ერთხელ დაფინანსების შესახებ ანგარიში მიაწოდონ, ვერანაირად ევროპული ნორმის საწინააღმდეგო ვერ იქნება - ეს მათ იციან, ამიტომ წინასწარ წაგებულ თამაშში შემოსვლა არ უნდათ. ამიტომაც არიან საკუთარი გადაწყვეტილების მძევლები, რაც ჩვენთვისაც სამწუხაროა, მაგრამ ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს“, - განაცხადა სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე.

























