საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისვე ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მებაჟე-ოფიცრებმა გაიარეს სპეციალიზებული კურსი - „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა მომზადება“. სწავლების მიზანი საზღვარზე საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდა და კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება იყო.

სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ და კურსის მასწავლებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გაჩეჩილაძემ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა“ სპეციალიზებული კურსი 1997 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 4000-ზე მეტი სპეციალისტია მომზადებული. მათ შორის არიან ძალოვანი უწყებების, შემოსავლების სამსახურის, საბანკო სექტორის, საიუველირო სალონებისა და კერძო ლომბარდების წარმომადგენლები.

„სასწავლო პროგრამა „გემოლოგია და საექსპერტო საქმე“ მოიცავს როგორც სრულფასოვან თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს, რომელიც ხორციელდება კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და მიზნად ისახავს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შეფასების სფეროში აუცილებელი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროცესში გამოყენებულია უახლესი თეორიული მასალები, სამეცნიერო ლიტერატურა, საერთაშორისო სტანდარტები, ინტერნეტრესურსები, სპეციალიზებული კოლექციები და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარები. პრაქტიკული მეცადინეობები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წლების განმავლობაში დაგროვილი კოლექციების შესწავლასა და პრაქტიკულ ანალიზს, რასაც თან ახლავს დისკუსიები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

თითოეული სასწავლო კურსი ტესტირებით სრულდება. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში მსმენელს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია პროფესიული კადრების მომზადებისა და შესაბამისი დარგის განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული დანიშნულება საბაჟო კონტროლის სფეროში, სადაც ძვირფასი ლითონებისა და ქვების სწორად იდენტიფიცირებასა და შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.