ევროკომისიის ანგარიში - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და „შეთქმულების თეორიებში“

ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში, ასევე ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა, - ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025–2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.
„ეს ასევე მკვეთრ კონტრასტშია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისა. ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კოორდინაციის ქვეშ რჩებოდა. პარლამენტში არსებულმა ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მმართველობის მიმართულებით საქართველოში გაგრძელდა პოლიტიკური ძალაუფლების მმართველ პარტიასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებში ცენტრალიზაციისა და კონცენტრაციის ტენდენცია, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

























