ევროკავშირის ელჩი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელთაც ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება

ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.
“არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.
ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პოზიცია გამოთქვა. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: “საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”.
ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევრს ვუყურებ, და საქართველო ერთ-ერთი მათგანია, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

























