პაველ ჰერჩინსკი - ელით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტებას დაიწყებენ? “გლობალური ომის პარტიაზე” დიალოგში ჩავერთვებით? ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რომ დიალოგი განახლდეს

პაველ ჰერჩინსკი - ელით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტებას დაიწყებენ? “გლობალური ომის პარტიაზე” დიალოგში ჩავერთვებით? ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? - გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რომ დიალოგი განახლდეს

საქართველოში მმართველმა პარტიამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა, იმას ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ევროკავშირი დიალოგზეა დაფუძნებული. დიალოგი ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩემს უკან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დროშას ხედავთ. მუდმივად მოლაპარაკებებში ვართ და კომპრომისს ვაღწევთ, რათა კონსენსუსი ვიპოვოთ.

ასე რომ, რეალურად, როდესაც გუშინ ბატონი ირაკლი კობახიძის Euronews-ის ინტერვიუს ვისმენდი, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს დიალოგს.

პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ.

რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ?

ეს გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.