ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე - ეს არ არის მწვავე ანგარიში, მწვავე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული - ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე - ეს არ არის მწვავე ანგარიში, მწვავე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული - ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის

ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის ანგარიშს.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია.

„ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი ეს შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე. შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის სამწუხარო მოვლენა.

ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ქვეყნის გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ სამარცხვინოა. როდესაც ისინი საუბრობენ ე.წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოყვნენ ამ ყველაფერს. გვარებით მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა ვერ მოგვაწოდეს სია, იმიტომ, რომ მერე რა გაირკვეოდა? - უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, „მოლოტოვის კოქტეილების“ ისროდნენ. ზუსტად ამიტომ ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა დასაბუთებული მსგავსი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არავითარი დასაბუთება ამას არ შეიძლება ჰქონდეს. არც ე.წ. ვეტინგს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. დიახ, კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. ეს ფონდი პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გუშინ 2026 წლის გაფართოების პაკეტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება“. დოკუმენტის მიხედვით, „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია“. ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ევროკომისია ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები.