ბაკურ კვაშილავა - პაპუაშვილს იმიტომ აქვს ამხელა გული, რომ იცის, სწორედ ევროკავშირია ძალადობის წინააღმდეგ, ეს არის მხდალი მთავრობა, რომელიც უყეფს მხოლოდ მას, ვინც არ უკბენს - ენა როგორ გიბრუნდებათ? 1937 ან 1924 წელი არ გახსოვთ? არ გრცხვენიათ?

ბაკურ კვაშილავა - პაპუაშვილს იმიტომ აქვს ამხელა გული, რომ იცის, სწორედ ევროკავშირია ძალადობის წინააღმდეგ, ეს არის მხდალი მთავრობა, რომელიც უყეფს მხოლოდ მას, ვინც არ უკბენს - ენა როგორ გიბრუნდებათ? 1937 ან 1924 წელი არ გახსოვთ? არ გრცხვენიათ?

„ქართული ოცნება“ არასოდეს შეასრულებს ევროკავშირიდან წამოსულ რეკომენდაციებს - არავის ჰქონდეს ილუზია, რომ მას სჭირდება ევროკავშირი და ევროპა, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თმით, შეუძლებელი იყო დადებითი მოლოდინი გვქონოდა ევროკავშირის დასკვნასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე ხელისუფლების ყველა განცხადება ემსახურებოდა სიტუაციის დაძაბვას და ბრიუსელის კრემლისთვის შედარებას.

„სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო გვქონოდა მოლოდინი სხვანაირი დასკვნის. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორებულიყო. უფრო მეტიც, მათ ყველა განცხადება ემსახურებოდა სიტუაციის დაძაბვას და ბრიუსელის კრემლისთვის შედარებას. იმდენად აბსურდულია ეს შედარებები, რომ ისინი თავიდან ღიმილს იწვევდა, მაგრამ თანდათან ეს გადაიქცა მათი დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად და ზოგიერთმა დაიჯერა კიდეც, რომ ის, რასაც ბრიუსელი ითხოვს საქართველოსგან, იგივეა, რასაც საბჭოთა კავშირი ითხოვდა. რომ შევხედოთ იმ კრიტიკის ნაწილს, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, ძირითადად ეხება იმას, რომ მთავრობა საშუალებას არ აძლევს ალტერნატიულ აზრს იარსებოს და არ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ პროცესებს დარჩეს ღია და გამჭვირვალე. საქმე გვაქვს პოლიტიკურ ექსტრემიზმთან, მთელი მისი ბნელი გამოხატულებით. ბნელი ოთხმოცდაათიანების დროსაც კი არავის აზრად არ მოსვლია, რომ პოლიტიკური პარტიები გაეუქმებინა. „გასაოცარი დემოკრატიის“ შემოქმედები იმას გვთავაზობენ, რომ ყველა პარტია აკრძალონ, ვინც ბარიერი გადალახა და თან ურცხვად აცხადებენ, რომ ეს ყოფილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. იმდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც მიუღებელია.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება“ არასოდეს შეასრულებს ევროკავშირიდან წამოსულ რეკომენდაციებს, იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის აღორძინებას და დემოკრატიის დაბრუნებას. დემოკრატიის დაბრუნება კი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ აიძულებს ბაღის გამგეებს, სკოლის დირექტორებს, მათ ნათესავებს, იმ პატიმრების ნათესავებს, რომლებიც სასჯელს იხდიან და ელოდებიან შეწყალებას, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“. ეს არის ერთადერთი მიზანი, რაც გააჩნია ევროკავშირს და იმ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც ებრძვიან „ქართული ოცნების“ დიქტატურას და უნდათ, რომ გადაგვარჩინონ მათგან, “ - განაცხადა კვაშილავამ.

გარდა ამისა, ბაკურ კვაშილავამ ისაუბრა იმაზეც თუ რატომაა დაუშვებელი საბჭოთა კავშირისა და ევროკავშირის შედარება და განმარტა, რომ „საბჭოთა კავშირმა საქართველო ძალადობრივად შეიერთა, ევროკავშირში კი საქართველო თვითონ ითხოვს წევრობას“.

„ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოსწონს საბჭოთა კავშირი. თუ გადავხედავთ „პოსტ ტვ“-ის და „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს, ვნახავთ, რომ თურმე რა დიდებული იყო ქართული კულტურა საბჭოთა კავშირის დროს. ალბათ, სწორედ ამაზე აპელირებდნენ „იმედში“, როცა ეთერში გაუშვეს გამოკითხვა „მშვიდობა თუ თავისუფლება?“ პარალელის გავლებისას უნდა ავუხსნათ „ქართული ოცნების“ პატრიოტებს, რომ საბჭოთა კავშირმა შეიერთა საქართველო ძალადობრივად 1921 წელს, რომელსაც წინ უძღოდა ჯერ სომხეთის და მერე აზერბაიჯანის ძალადობრივი დაპყრობა. ევროკავშირში კი საქართველო თვითონ ითხოვს წევრობას. უფრო მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და 78-ე მუხლით ჩვენს მიზნად აქცია ამ კავშირში წევრობა. ის ბოდვა, რომ 27 ევროპული ქვეყანა, რომელიც ითხოვს საქართველოსგან გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, თურმე ბიუროკრატიით იმართებოდა, ისეთი ტყუილია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც არ დაიჯერებს. ეს არის ურცხვი ტყუილი, აბსურდი, რომელიც დაფუძნებულია გებელსის სტილის სახელმძღვანელოზე. გავიხსენოთ, მეგობრებო, რუსეთმა დაიპყრო საქართველო და მან შექმნა ეს მონსტრი. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ 1999 წლიდან მოყოლებული ვოცნებობთ, რომ ევროკავშირს დავუბრუნდეთ და ვცდილობთ, გავხდეთ ევროპული ინსტიტუცია. როცა რაღაც როლში ხარ შესული და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ ასიამოვნო შენს ბატონს, ბრიუსელს კრემლს ადარებ. როცა ლაპარაკობ, რომ ბრიუსელი არის საბჭოთა კავშირი, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს? 1937 წელი არ გახსოვს ან 1924 წელი არ გახსოვს? ან როდესაც ევროკავშირიდან რეკომენდაცია მოდის, რომ მოხუცი ქალი ტროტუარზე დგომის გამო არ დააკავო, ამას ეძახი საბჭოთა კავშირს, არ გრცხვენია, მართლა?

არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ან ევროკავშირი, ან ევროპა, ან რამე სხვა. მათ ევროპა სჭირდებათ გასართობად, დასასვენებლად და თავისი შვილებისთვის. ეს ყველაფერი დავარცხნილად აქვთ წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენთვის არ ემეტებათ არაფერი, გარდა მონობისა. არ აპირებენ არც ქარხნების გახსნას, არც ფაბრიკების აგუგუნებას, არც ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, არც თქვენ მოგცემენ ღირსებას და თავისუფლებას“, - აღნიშნა კვაშილავამ.

პოლიტიკოსი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. მისი თმით, პაპუაშვილი არის იმ მხდალი მთავრობის სახე, რომელსაც შეუძლია უყეფოს მხოლოდ იმას, ვინც იცის, რომ არ უკბენს.

„პოლიტიკური მანიპულაციაა და მეტი არაფერი, რასაც პაპუაშვილი აკეთებს პაველ ჰერჩინსკისთან მიმართებით. ეს მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება ცივილიზებულ ელჩს. მაგრამ როცა საუბარია ირანზე ან აზერბაიჯანზე და მათ ელჩებზე, პაპუაშვილი არის ჩუმად. იმიტომ აქვს ამხელა გული, რომ იცის, სწორედ ევროკავშირია ძალადობის წინააღმდეგ. ის შეთითხნილი ბრალდება, რომ ევროკავშირი მოლოტოვის კოქტეილებს აფინანსებდა, არის ბოდვა. როდესაც საქმე ეხება რეალურ საფრთხეს, ჩურჩულს ვერ გაიგებთ ვერც პაპუაშვილის, ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროსი, გავიხსენოთ ქუმურდოს ტაძარი, გავიხსენოთ დავით გარეჯი. ამიტომ, სინამდვილეში ეს არის მხდალი მთავრობა, რომელსაც შეუძლია უყეფოს მხოლოდ იმას, ვინც იცის, რომ არ უკბენს. პაპუაშვილის განცხადებები, როგორც წესი, იწყება ტყუილით. თითქოს პაველ ჰერჩინსკი ქართველ ხალხს რამეს ასწავლის. ეს ასე არ ხდება არასდროს, როცა საქმე ეხება ევროკავშირს. ევროკავშირი ძირითადად ესაუბრება იმას, ვინც ხელისუფლებაშია და ითხოვს, დაიცვას ელემენტარული დემოკრატიული ნორმები. ქართველ ხალხს არასოდეს არავინ არ ეხება და ცივილიზებულ სამყაროში უკვე დიდი ხანია ერთმანეთისგან დააშორეს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი. ევროკავშირის გუშინდელ ანგარიშში ნათლადაა აღნიშნული, რომ მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ მიემართება და არასოდეს ქართველ ხალხს. დღეს „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიათრევს უკან, ეს არის ის, რაც გვძირავს. რაც უფრო მალე მოვიშორებთ მათ კონსტიტუციური წესით, მით უკეთესი ჩვენთვის. მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას’’, - განმარტა ბაკურ კვაშილავამ.