გია ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე - ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას - ეს არის მთავარი „მესიჯი“, რომელიც ამ მოხსენებაში გავიგეთ

ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას - ეს არის მთავარი „მესიჯი“, რომელიც ამ მოხსენებაში გავიგეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, "სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ამის წინასწარ განხილვა არ იყო".
„არის სამი მთავარი ამოცანა და მიმართულება, რაც ანგარიშში გამოიკვეთა. პოზიტივში ამბობენ იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არის და ტენდენციები არის ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ ამის გამომწვევი სტაბილურობა არ არის შეფასებული არანაირად. მეორე საკითხი არის სასამართლოს ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი, იმიტომ, რომ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ მათი ფავორიტები. მესამე საკითხი არის საგარეო საკითხები, რომელიც არ ემთხვევა თურმე ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ეკონომიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, არ გვქონდეს კავშირები ჩინეთთან, არ ვზრდიდეთ მათთან სავაჭრო ურთიერთობებს და არ გვქონდეს ის პოლიტიკა, რომელიც გვაქვს კონკრეტულ ქვეყნებთან, ვისთანაც სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს. მთავარი თემა, რომელიც არის წინ წამოწეული, რომ თითქოსდა ადამიანების დაკავება და დაპატიმრება ხდება თვითნებურად. ეს საკითხები მთლიანობაში მოიცავს და განაპირობებს იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას. ეს არის მთავარი მესიჯი, რომელიც გავიგონეთ ამ მოხსენებაში," - განაცხადა ვოლსკიმ.

























