მაია ბითაძე - გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა, დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.
ბითაძე აღნიშნავს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით სრულდება.
„მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გავეცანი.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს და პირადად მამა კირიონს იმ უდიდესი საქმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც იტვირთეს. დროებითი კომიტეტი ხელმძღვანელობს ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის - გელათის რეაბილიტაციას.
საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს. მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.
ახლა მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა. სახელმწიფო ამ პროცესს აფინანსებს, სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით სრულდება. ისინი მიმდინარეობს ჰოლისტიკური საკონსერვაციო გეგმის მიხედვით, რომელიც წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად. ყველა ძირითად მიმართულებაში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არაერთი ქვეყნიდან.
ჩვენი მთავარი მიზანია, გელათის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს, მრავალსაუკუნოვანი მომავალი ჰქონდეს“, - წერს ბითაძე.

























