The Financial Times - აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, რაც შესაძლოა, დონალდ ტრამპის მოსკოვთან დიზელის შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს

აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა სამიდან ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალეს, რაც, გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.
გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს “რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო”.
ამ მომენტისთვის, ამერიკელმა მყიდველებმა უარი თქვეს რუსული საწვავის მიღებაზე შტატებისა და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი საფრთხეების გამო.
ცნობისთვის, შტატ ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, მაიკი შერილმა (დემოკრატიული პარტია) თავის შტატში პორტებისა და ტერმინალების ოპერატორები გააფრთხილა, რომ რუსული დიზელის საწვავის გადმოტვირთვის გამო მათ შესაძლოა მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისროთ.
ამავდროულად, CNN-ის ცნობით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დიზელის შეთანხმებაში ჩართულ ბანკებს, პორტების ოპერატორებსა და კომპანიებს დოკუმენტების შენარჩუნება დაავალა საზედამხედველო მოკვლევებისთვის მოსამზადებლად, როდესაც იანვარში დემოკრატები აიღებენ კონგრესზე კონტროლს.

























