SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე OSCE-ის ფორმატით ჩატარებულ შეჯიბრზე საქართველო მესამე ადგილზე გაიყვანეს

SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე OSCE-ის ფორმატით ჩატარებულ შეჯიბრზე საქართველო მესამე ადგილზე გაიყვანეს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა SEU REACT, საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე - Medicine of the Future 2026, ნახევარფინალი, რომელიც OSCE ფორმატში ჩატარდა, 102 მონაწილე გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. მათ მიერ მოპოვებული ქულებით საქართველო ქვეყნების საერთო რეიტინგში, მსოფლიო სამეულში მოხვდა შვეიცარიასა და იტალიასთან ერთად.

ოლიმპიადას უზბეკეთმა უმასპინძლა. ქვეყნის წამყვანმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ცენტრალური აზიის უნივერსიტეტმა (Central Asian University) ოლიმპიადაში წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და მის რექტორს, გია კავთელაშვილს მადლობის წერილით მიმართა:

“SEU-ს დელეგაციის მიერ გამოვლენილი გამორჩეული ცოდნა და კლინიკური უნარ-ჩვევები ნათლად წარმოაჩენს თქვენი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლების მაღალ სტანდარტებს.

ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს ერთგულებას სამედიცინო განათლების განვითარების მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს აკადემიურ თანამშრომლობას“. - ნათქვამია ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის მადლობის წერილში, რომელსაც ხელს აწერს მისი რექტორი, ქამრან გულამოვი.

SEU-ს სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, MD, PhD, ქეთევან ედიბერიძე განმარტავს OSCE ფორმატის სპეციფიკასა და უნარ-ჩვევებს, რაც ოლიმპიადაში წარმატების მისაღწევად არის მნიშვნელოვანი:

„OSCE-ის ფორმატი მოითხოვს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირებასა და კლინიკურ აზროვნებას. მიღებული შედეგი ამტკიცებს, რომ SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური სწავლების მეთოდოლოგია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულად შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო სკოლების სტანდარტებს.

ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობა SEU-სთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ უნივერსიტეტი ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადებოდა. როგორც SEU-ს ტრენერი და კლინიკური უნარების მოწვეული ლექტორი, MD, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ოთარ მჭედლიშვილი განმარტავს, გუნდის მთავარი უპირატესობა ოლიმპიადამდე სტუდენტებისთვის სისტემური და პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული ცოდნის გადაცემა იყო:

„SEU-ს კლინიკური უნარების ბაზა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რეგულარულად იმუშაონ თანამედროვე სიმულაციურ გარემოში. სიმულაციური სწავლებისა და რეალურ გარემოში მიღებული გამოცდილების კომბინაციამ სასურველი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ოთარ მჭედლიშვილმა.

SEU-ს გუნდის, SEU REACT-ის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, თენგიზ მაისურაძე საუბრობს ყველაზე რთულ ბარიერებზე, ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებსა და გუნდურობის მნიშვნელობაზე, რამაც საბოლოოდ, წარმატება განაპირობა:

„როცა 102 გუნდს ეჯიბრები, მხოლოდ თეორიის ცოდნა არ კმარა. მთავარია, წამებში მიიღო სწორი კლინიკური გადაწყვეტილება. ოთხეულში მოხვედრაში დაგვეხმარა ცივი გონებით მოქმედება, გაიდლაინების ცოდნა და გამოცდილება.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო EFAST ულტრაბგერის სადგური. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამ პროცედურაზე პრაქტიკული გამოცდილების მიღების ბევრი შესაძლებლობა არ მქონია, აპარატის აღებისთანავე მომენტალურად გაქრა დაძაბულობა და ყველა საჭირო ანატომიური ხედი უშეცდომოდ გამოვიკვლიე. აქვე უნდა აღვნიშნო გუნდურობის მნიშვნელობაც: მიუხედავად იმისა, რომ განხრები წინასწარ გვქონდა განაწილებული, პროცესში მივხვდით, რომ როლების დაყოფაზე ბევრად მნიშვნელოვანი გუნდური თამაში და ერთმანეთის დაზღვევა იყო. გაჩერებას არ ვაპირებთ, გვინდა, პრაქტიკული უნარები კიდევ უფრო დავხვეწოთ, აქტიურად გავაგრძელოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ“ - აღნიშნა SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა და გუნდ SEU REACT-ის წევრმა თენგიზ მაისურაძემ.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაბამისი რესურსი, ცოდნა და პროფესიული მომზადება, რომ ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ და მოწინავე ადგილი დაიკავონ.

Facebook : https://www.facebook.com/seu.edu.ge/

Website : https://seu.edu.ge/ka/meditsinis-fakultetis-programebi

(R)