თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის მსურველებს ნოემბრის თვეში უფასო კონსულტაციებს სთავაზობს

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის მსურველებს ნოემბრის თვეში უფასო კონსულტაციებს სთავაზობს

ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე პირებს ნოემბერში შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში უფასო პირველადი კონსულტაცია მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონსულტაციის ფარგლებში სპეციალისტები შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას, განსაზღვრავენ მკურნალობის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიაწვდიან ინფორმაციას მკურნალობის შესაძლებლობებისა და სტაციონარული მკურნალობის დაგეგმვის შესახებ.

„ინიციატივა კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების – ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. უფასო პირველადი კონსულტაცია პაციენტებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალებისგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია და დაგეგმონ მკურნალობის შემდგომი ეტაპები.

უფასო კონსულტაციები ნოემბერში - როგორ მივიღოთ მომსახურება?

კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17ტელეფონი: 032 250 02 32

ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა – სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურება

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა ცალკე, სპეციალიზებული მიმართულებაა. კლინიკის ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებით რამდენიმე ტიპის მომსახურებას აერთიანებს, მათ შორის ნარკოლოგიურ დეტოქსიკაციას, დუალურ ნოზოლოგიას და რეაბილიტაციას.

კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მკურნალობის პერსონალიზებული, მულტიდისციპლინური მოდელია. თითოეული პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და შემდგომი მეთვალყურეობის პროცესში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების კომპლექსურობას, არამედ მკურნალობის პროცესის თანმიმდევრულობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.

მენტალური ჯანმრთელობის მომსახურების ფართო სპექტრი

ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის მიმართულების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვისა და მკურნალობის მრავალპროფილურ მომსახურებასაც სთავაზობს.

კლინიკაში ხელმისაწვდომია:

  • ამბულატორიული მომსახურება;
  • გახანგრძლივებული ამბულატორიული მომსახურება - დღის ცენტრი;
  • სარეაბილიტაციო მომსახურება;
  • ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული მომსახურება.

კლინიკის საქმიანობა ეფუძნება პაციენტზე ორიენტირებულ, პერსონალიზებულ და მულტიდისციპლინურ მიდგომას. მკურნალობის პროცესში ჩართულია მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე 100-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, რომლებიც პაციენტის საჭიროებების შესაბამისად ერთობლივად მუშაობენ.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პროფესიონალთა მულტიდისციპლინური გუნდი და მკურნალობის კომპლექსური მოდელი კლინიკას შესაძლებლობას აძლევს, პაციენტებს სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურება ერთიან სისტემაში შესთავაზოს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებას, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ სფეროში თანამედროვე სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიდგომების დანერგვას“, - ნათქვამია განცხადებაში.