ALDE – „დროა“ რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის - ჩვენ მტკიცედ ვდგავართ „დროას“ გვერდით

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ [ALDE] რუსეთის მიერ ქართული ოპოზიციური პარტიის „დროას“ „რასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას ეხმაურება.
ALDE „დროას“ მხარდაჭერას უცხადებს. მისი შეფასებით, “დროა“ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის.
„ჩვენი წევრი ქართული პარტია “დროა” რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა იმის გამო, რომ ის იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის.
გასულ წელს იგივე სტატუსი მიენიჭათ ALDE Party-სა და LYMEC-საც.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პარტია „დროას“ და ყველას გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის!“ - ვკითხულობთ ALDE-ს განცხადებაში.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.
“დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

























