არჩილ გორდულაძე გიგა ფარულავას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - ბატონო გიგა, ან ნერვები დაიმშვიდეთ ან მანდატურს ვთხოვ, დარბაზიდან გაგაძევოთ - თავი დაანებეთ ყვირილს, თორემ გეუბნებით, მართლა გაგაგდებთ

არჩილ გორდულაძე გიგა ფარულავას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - ბატონო გიგა, ან ნერვები დაიმშვიდეთ ან მანდატურს ვთხოვ, დარბაზიდან გაგაძევოთ - თავი დაანებეთ ყვირილს, თორემ გეუბნებით, მართლა გაგაგდებთ

ბატონო გიგა, ან ნერვები დაიმშვიდეთ ან მანდატურს ვთხოვ, დარბაზიდან გაგაძევოთ - თავი დაანებეთ ყვირილს, თორემ გეუბნებით, მართლა გაგაგდებთ! - ამ სიტყვებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავას მიმართა.

კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობაში “ქართული ოცნების“ ინიციატივით დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილა, რაზეც კითხვები მხოლოდ ფარულავამ დასვა. გორდულაძემ ფარულავას მისამართით განაცხადა, რომ ის ყველაფრის წინააღმდეგია, გარდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს. გორდულაძემ კოლეგას ამავე კონტექსტში მიმართა, რომ ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე სამი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით იყო და ამის მიუხედავად მაინც ამტკიცებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ აქვთ.

რაც შეეხება განსახილველ საკითხს, ფარულავა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ რამდენიმე ინიციატივას შეეხო, განსაკუთრებული აქცენტი კი იმ სიახლეზე გააკეთა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრებას ეხება.

„ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება ტექნიკურ დონეზე იქნება შესაძლებელი. დაინტერესებული მხარე მას შინაარსობრივად ვერ გაასაჩივრებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობასაც ვერ დაიწყებს“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ფარულავას პასუხად “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ რეალური დავა საუბნო კომისიების ფარგლებში ხდება და საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების გასაჩივრების წესში არაფერი იცვლება. მათიკაშვილის თქმით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის არსი არის სხვა და უბნებთან მიმართებით ის ახლაც ვერ გასაჩივრდება.

„სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების დროს ხდება. სისტემას უბნებში მიმდინარე პროცესი ქმნის. მოქმედი კანონით თითოეული უბნის გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს - შესაძლებელია, რომ უბანზე არსებული ყველა დარღვევა გასაჩივრდეს. თუ იმხელა მხარდაჭერა არ გაქვთ, საზოგადოებას თქვენი ბედ-იღბალი არ აინტერესებს და იმდენი პოპულარობა არ გაგაჩნიათ, რომ დამკვირვებელი გყავდეთ და ამ დამკვირვებელმა კონკრეტული საჩივარი დაწეროს, ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ეს სისტემურ პრობლემაზე არ მეტყველებს!

თუ დაინტერესებულმა მხარემ სამართლებრივ ჭრილში, სამართლებრივი დავის ფარგლებში საარჩევნო უბნების ეტაპი გამოტოვა და უბნის შემაჯამებელი ოქმი კანონიერ ძალაში შევიდა, შემდგომ პროცესებზე ამ საკითხებს აღარ უბრუნდებიან. ასე ხდება ყველგან - მთელ დემოკრატიულ სამყაროში!“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.