ნათია თურნავა - თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ჩვენ თანაბრად მზად ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა და როცა გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ შემსუბუქება

თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ეროვნული ბანკი შედარებით მკაცრ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ინარჩუნებს.
„ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ენერგორესურსების ფასებზე. თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია, საშუალოდ, 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან დონეს დაუახლოვდება, თუმცა ეს პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება, რაც ჩვენს კონტროლს მიღმა ფაქტორია, მაგრამ ჩვენი ცენტრალური პროგნოზი ამაზეა დაყრდნობილი. ამ მიმართებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და რისკები მწვავე რჩება.
რაც შეეხება ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, რა პასუხი გვაქვს ჩვენ ამ გამოწვევების მიმართ, გარე შოკებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების გათვალისწინებით, ჩვენ პრევენციულად ვიმოქმედეთ 2026 წლის მაისში და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავამკაცრეთ 0,25 პუნქტით, დღესდღეობით ეს არის 8,25% და ამ განაკვეთს დღემდე უცვლელად ვინარჩუნებთ. ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, ამიტომ ჩვენ თანაბრად მზად ვართ, რომ გამკაცრებისკენ ვიაროთ, თუკი დავინახეთ გამძაფრება გარე შოკების და ე.წ მეორე რაუნდის ეფექტების განვითარების. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით, ეს გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ ეტაპობრივი შემსუბუქებას. დღესდღეობით ჩვენ ამ კუთხით ძალიან ყურადღებით ვართ, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ვინარჩუნებთ და ვაკვირდებით განვითარებას, პირველ რიგში, გარე მოვლენებისა და გარე შოკებისა“, - განაცხადა თურნავამ.

























