გიორგი პერტაია ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) თავმჯდომარეს, ჟენ ხუნგპინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს:
ქართული და ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ და ორივე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი ბიზნესკავშირების განვითარებაში, ახალი პარტნიორების მოძიებასა და კომპანიების მხარდაჭერაში;
სავაჭრო პალატასა და CCPIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზება და სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოება;
სავაჭრო პალატის წარმომადგენლობების საქმიანობა გუანჯოუსა და შანხაიში, ასევე ამ მიმართულებით CCPIT-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა;
ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელება და ორი ქვეყნის კომპანიებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარება;
2027 წლის ივნისში დაგეგმილ ჩინეთის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების გამოფენაში (CISCE) ქართული კომპანიებისა და ექსპორტიორების მონაწილეობის შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში ასევე დაიგეგმა ქართველი ექსპორტიორების ვიზიტი ჩინეთში, რომლის დროსაც გაიმართება საქმიანი შეხვედრები ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ჩინეთს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























