შალვა პაპუაშვილი - გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს - ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ვიქნებოდით დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა

ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ვიქნებოდით დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ ნორმალიზდება, ისევე, როგორც 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა, პროცესის მთავარი დაზარალებული კი კონფლიქტში ჩართული ხალხი რჩება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ისაუბრა.
„ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის. რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის. ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც - არავის ეჭვი არ შეეპაროს, ასე იქნება ახლაც. ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც საბოლოო ჯამში დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალოდ მონაწილე. 2008 წელსაც ასე იყო საბოლოო ჯამში, დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა ხელახლა გადაალაგეს ურთიერთობები, ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამ ჯერზეც. გვესმის საუბრები… გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს, არ ვიცი. აგერ ერთი მხრივ, აშშ და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ვინაიდან, მისი უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.
ჩვენ, რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის, საბოლოო ჯამში, ყველა ყველაფერზე შეთანხმდებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. აი, ეს იქნებოდა ჩვენი ბედი.
ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრია უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართველებს თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო, ამიტომ ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რათა შემდეგ არ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს, რომ ვხედავდით ამიტომ ესკალაციაში არ შევყევით ვინც მოგვიწოდებდა. საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრით. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, ჩვენ ვიქნებოდით დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

























