სოფიო ხორგუანი - ღარიბაშვილი დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გმირობის იმედი მაქვს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

ზოგად შეფასებაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ღარიბაშვილს. ფაქტია, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, ფაქტია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებაც არის, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ის „ჩრდილოვან მართლმსაჯულებაზე“ საუბრობს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფრჩხილები უფრო მეტად უნდა გახსნას და მეტი ილაპარაკოს.
„პრაქტიკულად თქვა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვსო. მესმის, რადგან სადაც სჭირდებათ, იქ ყოველდღე შოუს დგამს სააკაშვილი. ჩვენც გვქონდა ასეთი შემთხვევა ჩორჩანას საქმის განხილვისას. დაიხურა საქმე და შუაღამის სასამართლოები იმართებოდა, რაც წარმოუდგენელი რამ არის. ჯერ გვიან იწყებოდა და შემდეგ ღამის 10-11 საათამდე გრძელდებოდა სასამართლო პროცესები. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს, ვიცით და საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად მთავრდება მმართველისთვის.
[ფრჩხილები უფრო მეტად უნდა გახსნას] სხვა რა გზა დარჩა? უბრალოდ არ მესმის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასაც საუბრობს, მაინც უფრო ზოგადი შეფასებაა და ამ ზოგად შეფასებაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ფაქტია, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, ფაქტია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებაც არის. მანამდე ეს შეიძლება ასე პირდაპირ არ შეგვეფასებინა, მაგრამ ახლა ამ დამოკიდებულებით, შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ, იხურება პროცესი, მით უმეტეს არ არის ისეთ საქმეზე საუბარი, რომელიც განსაკუთრებულ სახელმწიფო საიდუმლოებას უკავშირდება, მართლა პირდაპირ გვაძლევს დღეს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. აქამდე ასე პირდაპირ გამოკვეთილი არ იყო“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში მეტ კონკრეტიკას, სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ მას ამის მოლოდინი არ აქვს, რადგან ღარიბაშვილი „დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა“.
„მე სიმართლე გითხრათ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მაინც და მაინც დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გმირობის იმედი მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს. იცით, კარგი ადვოკატები ჰყავს და დაცვის რა სტრატეგიას აირჩევენ, როდის რა ინფორმაციას გამოიყენებენ და როგორი გზით, წავლენ არ ვიცი“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

























